ალცჰაიმერის დაავადება

ალცჰაიმერის დაავადება

1906 წელს გერმანელმა ფსიქიატრმა ალოზ ალცჰაიმერმა აღწერა დაავადება, რომელიც ცნობილია ალცჰაიმერის ტიპის დემენციის სახელწოდებით. ეს არის შეძენილი  ჭკუასუსტობა. ალცჰაიმერის დაავადება წარმოადგენს რიგით მე–4 დაავადებას აშშ–ში სიკვდილიანობის მიხედვით. დაავადების სიხშირე  შეადგენს123 შემთხვევას 100 000 მოსახლეზე. შემთხვევათა 15% – ოჯახურ ხასიათს ატარებს. ამ დაავადების აღმოცენება არ არის დამოკიდებული  ეროვნებაზე, რასაზე ან სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობაზე. როგორც წესი დებიუტირებს 40–50 წლის შემდეგ, თუმცა აღწერილია დაავადების ადრეული ასაკიც–28 წელი. ავადობა ქალებში სამჯერ უფრო მეტია ვიდრე მამაკაცებში.

  პათომოროლოგია და ეტიოპათოგენეზი: ალცჰაიმერის დაავადება წარმოდგენს ჰეტეროგენულ მულტიფაქტორულ ეტილოგიის მქონე პათოლოგიას,რომლის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც გარემოს ეგზოგენური,ისე გენეტიკური ფაქტორები. დაავადების განვითარების სავარაუდო რისკ–ფაქტორებია: მშობიარობისას დედის ასაკი, დაუნის სინდრომი,თავის ტრამვა და განათლებისა და სოციალური გარემოს  დაბალი დონე. გამოკვლევებით გამოვლინდა,რომ აღნიშნული  დაავადებისკენ  მიდრეკილები არიან დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები. რაც უფრო განათლებულია ადამიანი(პაციენტი),მით უფრო  ადვილად უმკლავდება ტვინში აღმოცენებულ ცვლილებებს და შედეგად ხანდაზმულობის ჭკუასუსტობას. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას ინტელექტუალებში ნეირონების კავშირი ძლიერია,ამიტომ უჯრედების სიკვდილის შემთხვევაში ,მათ ფუნქციას  მაშინვე სხვები იღებენ თავზე.                                                                                                                                                                                        

 შორსწასული ალცჰაიმერის დაავადების დროს ვლინდება ტვინის დიფუზური ატროფია,ტვინის მასის 20%–ით შემცირება. ატროფია უპირატესად მოიცავს შუბლის,საფეთქლის და თხემის წილებს,ასევე ვლინდება ჰიპოკამპის მკვეთრი ორმხრივი ატროფია(რაც კარგად არის გამოხატული მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრამაზე). მიკროსკოპულად ვლინდება ნეირონების მასიური დეგენერაცია. 

 სიმფტომატოლოგია: დაავადების დაწყება თითქმის ყოველთვის შეუმჩნეველია. რაც უფრო გვიან იწყება დაავადება , მით უფრო რბილი მიმდინარეობისაა, ხოლო ვინც დაავადდა 40–50 წლის ასაკში  მათ აღენიშნებათ დემენციის ინტენსივობის პროგრესირება. ალცჰაიმერის დაავადების ღერძულ სიმფტომს წარმოადგენს მეხსიერების დეფექტი. დაავადება პირობითად სამ სტადიად შეიძლება დაიყოს...პირველი სტადია რომელიც 1–3 წელი გრძელდება ხასიათდება მეხსიერების და ტოპოგრაფიული აღქმის, შრომისუნარიანობის  დაქვეითებით, უხასიათობით. მინიმალური პერსონოლოგიური ცვლილებებით. ამ ეტაპზე მეტყველება და ლოკომოტორული ფუნქცია შენახულია. ირღვევა კონცენტრაციის უნარი. ხანმოკლე მეხსიერებასთან შედარებით, ხანგრძლივი მეხსიერება (ანუ მეხსიერება შორეული წარსულის მოვლენებზე) უფრო დიდხანს რჩება ინტაქტური. მეხსიერების დარღვევები თავიდან არ არის მკვეთრად გამოხატული,ხოლო შემდგომში მნესტიური დარღვევების პროგრესირების გამო პაციენტს ავიწყდება ახლობლების სახელები, მათი სახეები, ნივთების დასახელება. მეხსიერების დარღვევები არის ჰიპოკამპში განვითარებული დეგენერაციულ–ატროფიული პროცესის გამოვლინება. ასევე მნესტიური  დეფექტით განპირობებულია მეტყველების თანდათანობითი მზარდი დარღვევები,როცა ავადმყოფს უჭირს საჭირო სიტყვების მოძებნა, კითხვისას აზრის გამოტანა და წერა... დაავადების პროგრესირებასთან ერთად მეორე სტადიაზე უფრო მკვეთრი ხდება მეხსიერების დარღვევები. პაციენტს უკვე უჭირს იმის გახსენება რა ნახა რამდენიმე წუთის წინ  ტელევიზორში რა გაიგონა.  ვლინდება ადგილსა და სივრცეში უხეში დეზორიენტაცია(ბევრს არ ახსოვს დღე,რიცხვი,წელი,სად  იმყოფება და შეიძლება ნაცნობ ადგილზეც კი დაიბნეს). მეტყველება ხდება გაღარიბებული (ლოგიკურ ღერძს მოკლებული). პაციენტს  უჭირს ყოველდღიური სამუშაოს და ოჯახური საქმიანობის შესრულება,რაც გამოწვეულია სივრცითი ორიენტაციის და მეხსიერების დაზიანებით. მოტორული უნარ–ჩვევების შენახვის ფონზე, პაციენტი კარგავს ელემენტარული კონსტრუქციული ამოცანის შესრულებისას საკითხის არსში წვდომის უნარს, ხდება გაღიზიანებული და ინდიფერენტული. აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს 3–5 წელი, რომლის შემდეგ არის მე–3 სტადია-ამ დროს ინტელექტუალური უნარჩვევები აბსოლიტურად მოსპობილია, ავადმყოფები ყველაზე ახლობლებს ვეღარ ცნობენ და საკუთარი აზრის გამოთქმის უნარს კარგავენ. აღენიშნებათ ხასიათის არამდგრადობა, გაღიზიანება, აღზნებადობა, აგრესიულობა, ავადმყოფთა 40% აღენიშნება დეპრესია. შეიძლება გამოვლინდეს მიოკლონიები (5–10%), ეპილეფსიური გულყრები(10–20%). ალცჰაიმერის დაავადების ნეიროფსიქიატრიული დარღვევები წარმოდგენილია ხასიათის ცვლილებით–ჰალუცინოზით, პერსონოლოგიური ცვლილებებით,ქცევის დარღვევებით. ჰალუცინოზი შეიძლება იყოს მხედველობითი, სმენითი, იშვიათად ყნოსვითი. პერსონოლოგიური ცვლილებები ვლინდება აპათიით,არაადეკვატურობით და შეკავების პროცესების დარღვევით. ქცევითი დარღვევები მოიცავს ვერბალურ და ფიზიკურ აგრესიას, ხეტიალს, აჟიტაციას, არაადეკვატურ სექსუქლურ ქცევას, შარდის ინკონტინენციას და თვითდაზიანების მცდელობას. ბოლო   სტადიაში უკვე აღარ ესმით რას წარმოადგენენ და სხვების დახმარების გარეშე ცხოვრება აგარ შეუძლიათ. ზოგადი ნევროლოგიური გასინჯვით  რაიმე პათოლოგია არ ვლინდება.                                  

დიაგნოსტიკა: დიაგნოზის დადგენა ხდება კლინიკური სურათის  ანამნეზის, პარაკლინიკური გამოკვლევების საფუძველზე. პირველ რიგში საჭიროა გამოირიცხოს სხვა დაავადებები, რომელიც ხანდაზმულობის ჭკუასუსტობით ინიღბება. მათ შორისაა თავის ტვინის სიმსივნე, ტრამვები,ინფექვციები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ფსიქიკური დარღვევები მაგ: დეპრესია. დიაგნოზის დასასმელად ავადმყოფს უტარდება გამოკვლევები: მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევა, ასევე სისხლის პლაზმაში ბ12 ვიტამინის და ფოლიუმის მჟავის დონის განსაზგვრა (რადგან ამ ნივთიერებათა დეფიციტმა შესაძლოა ჭკუასუსტობის მსგავსი მდგომარეობა გამოიწვიოს). მაშინაც კი თუ სხვა დაავადებები გამოირიცხა, დიაგნოზი ალცჰაიმერის დაავადება მხოლოდ სავარაუდოდ ითვლება. საჭიროა სპეციალური ნეიროფსიქოლოგიური ტესტის ჩატარება, რომლის დროსაც პაციენტი ასრულებს სხვდასხვა დავალებებს მაგ: იმახსოვრებს სიტყვებს, კითხულობს, არითმეტიკულ მოქმედებებს ასრულებს. დაავადება საშუალოდ 10 წელი გრძელდება, მაგრამ შეიძლება 2 დან–20 წლამდე მერყეობდეს.                       

მკურნალობა: ალცჰაიმერის დაავადების დროს ინიშნება პრეპარატები, რომლებიც პათოლოგიის განვითარებას აბრკოლებენ, ფსიქიკურ დარღვევებს ნაწილობრივ აღადგენენ  და აზროვნების პროცესებს აუმჯობესებენ. ეფექტურია მეორე თაობის ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები. ისინი აუმჯობესებენ კოგნიტურ ფუნქციებს და ქცევას მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დემენციის დროს. ასევე ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოიყენება ნმდა–გლუტამატ რეცეპტორების ბლოკატორი მემანტინი.  გამოხატული დეპრესიის დროს გამოიყენება ანტიდეპრესანტები, უპირატესად სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები.... ძილის დარღვევების კორექციის მიზნით–ბენზოდიაზეპინები... ქცევითი დარღვევების აღმოსაფხვრელად იყენებენ ანქსიოლიტიკებს, ნეიროლეპტიკებს. მაგრამ ამ ჯგუფის პრეპარატების გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში მოითხოვს დიდ სიფრთხილეს, შესაძლო გართულებების  გამო. ტვინის ნეირონებისთვის სასარგებლოა ბ12, ბ3, ა, ე, ც ვიტამინები და ფოლიუმის მჟავა. ბოლოს უნდა ითქვას, რომ ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობა   წარმოადგენს კომპლექსურ ამოცანას, რომელიც შეიცავს არამარტო მედიკამენტოზურ  მკურნალობას, არამედ ავადმყოფთა  ფსიქოლოგიურ თანადგომასა და პაციენტების მოვლას.               
ავტორი:      ნევროლოგი სოფო ქარცივაძე

გაზიარება: