არტი ფსიქოთერაპიაში

არტი ფსიქოთერაპიაში

 

რა არის ფსიქოთერაპია?

ფსიქოთერაპია არის პროცესი როდესაც ადამიანი იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე. იწყებს გააზრებას, რომ მისი ცხოვრების სადავეები მხოლოდ მისსავე ხელშია. ნებისმიერ   პრობლემას, სირთულეს, კომპლექსს, შიშს, შფოთვას, გაუბედაობას, მიჯაჭვულობას, რომელიც აფერხებს ადამიანის პირად, პროფესიულ, პიროვნულ განვითარებას, სწორედ პასუხისმგებლობის ქვაკუთხედში მთლიანდება. საკუთარი თავის კვლევის, ძიების გზაზე, რომელიც უპირობოდ პიროვნულ განვითარებას ემსახურება მნიშვნელოვან ფუნქციას სწორედ ის ფსიქოთერაპიული მიმართულებები ასრულებენ, რომლებიც უკვე მრავალი წელია ადამიანის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეს ემსახურებიან და მუდმივად სიახლის, აღმოჩენების გზას გადიან. ასეთი მიმართულებებია არტ-თერაპია, ფსიქოსინთეზი, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია, გეშტალტ თერაპია, ნეირო ლინგვისტური პროგრამირება და ასე შემდეგ.

რა არის არტ თერაპია?

არტ თერაპია არის ერთერთი ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა, რომელიც ეხმარება კლიენტს დაეკონტაქტოს საკუთარ არაცნობიერს. მაგალითად, ფსიქოსინთეზის შემთხვევაში  გზა არაცნობიერისკენ გადის სიმბოლოზე ( თუმცა სიმბოლო არტშიც მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს)   და იგი სწორედ ამ სიმბოლოს მეშვეობით ეცნობა საკუთარ არაცნობიერს, არტ თერაპიის შემთხვევაში კი შემოდის იმგვარი შემოქმედებითი პროცესი, რომელიც გულისხმობს ხატვას, ძერწვას, გაფერადებას და სხვა მრავალგვარ აქტივობას. არტ თერაპია შემოქმედებითი კუთხით ბევრად უფრო ფართო სპექტრს მოიცავს ვიდრე მხოლოდ გუაშით, პასტელით, აკვარელით ხატვაა. არტში გამოიყენება თიხა, ქვიშა, იქმნება ზღაპრები, იქმნება სიტყვათწყობა (ტანკა, პრიჩა - იაპონური პოეზია), რომელიც კლიენტში სიმშვიდის, სიხარულის, სიყვარულის და სხვა სასურველი ემოციის ღუზას ტოვებს . ასევე არსებობს ფოლკლორით, ბგერებით, არომატებით თერაპიაც კი. არტ თერაპევტი მასალას და ტექნიკას იმისდა მიხედვით არჩევს, თუ რა საჭიროება აქვს კლიენტს მოცემულ მომენტში, რა არის მისთვის უფრო აქტუალური.

რაში ეხმარება ადამიანს არტ თერაპია?

 არაცნობიერს აქვს თვისება მთელი მონდომებით გაექცეს ჩვენს ცნობიერ ნაწილს, რათა აირიდოს უსიამოვნო განცდა, არტი კი ამ კუთხით ამარტივებს თერაპიულ პროცესს. კლიენტს შინაგანი სამყარო გადააქვს ნამუშევარში, ექსპრესია თავის მხრივ უკვე თერაპიულ გავლენას ახდენს ადამიანზე. გარდა ამისა უფრო მარტივია საუბარი ნახატზე, ვიდრე საუბარი საკუთარ თავზე ,,მე’’ პოზიციიდან. არაცნობიერში მიდის გზავნილი ,,ეს მე არ მეხება ეს ნახატია’’ და ამგვარად კლიენტი ნაწილობრივ თავისუფლდება შფოთვის, შიშისა და ღელვისგან. გარდა ამისა, ერთია როდესაც ვსაუბრობთ, მაგალითად ჩვენს რომელიმე სისუსტეზე,  ხოლო მეორე, როდესაც ამას მატერიალურად ვხედავთ, ხელშესახებია. ადამიანის სისუსტის გაცნობიერება ხდება გრძნობათა ორგანოების მეშვეობით. საჭიროა დაინახოს, შეიგრძნოს, შეეხოს საკუთარ პრობლემას. არასასურველი ქცევის აღქმით, ამ ყველაფრის მენტალური გააზრებით, და ალტერნატიული ქცევის ჩანაცვლებით, ადამიანი აცნობიერებს საკუთარ პრობლემურ ქმედებას, რომელიც მას აზიანებს.

ამგვარად არტი ფსიქოთერაპიის მნიშვნელოვანი საშუალებაა. მისი მეშვეობით ერთის მხრივ ადამიანი საკუთარ არაცნობიერ სიღრმეებს ეცნობა, და მეორეს მხრივ იღებს  სიამოვნებას შემოქმედებითი პროცესით.

ავტორი: ეკატერინე ცხვარიაშვილი - ფსიქოლოგი

 

გაზიარება: